უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და მედიამონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოს პირველ არხს სტუმრობდნენ
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სვიტლანა ოსტაპა და უკრაინის მედიამონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი გალინა პეტრიკი საქართველოს პირველ არხს სტუმრობდნენ. უკრაინელ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის ხელმძღვანელი რუსუდან მაჯგალაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე შეხვდნენ.
შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა, რომელზეც განიხილეს საქართველოს და უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ისაუბრეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინელი მეგობრების, კოლეგებისა და თანამოაზრეების ხილვა საქართველოში. ომის დაწყების პირველივე დღიდან, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მუშაობს. ძალიან ბევრი საერთო დახმარებაც განხორციელდა, როგორც მორალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. ვამაყობთ და ძალიან ვაფასებთ ჩვენ შორის ურთიერთობას. დღეს ვისაუბრეთ ამ ურთიერთობების გამყარებაზე, დავსახეთ ახალი გეგმები, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა სწორედ პირველწყაროდან, უკრაინიდან მივიღოთ გადამოწმებული ამბები“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, სვიტლანა ოსტაპამ განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ერთმანეთს გამოცდილებები გავუზიარეთ. ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველომ გამოსცადა რუსეთთან ომი და თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რა არის რუსეთი, რომ ის ტერორისტული ქვეყანაა. მას შეუძლია, დაბომბოს მოსახლეობა მხოლოდ თავისი ინტერესების გამო. ჩვენ უკრაინაში ვგრძნობთ საქართველოს და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებას“, – განაცხადა სვიტლანა ოსტაპამ.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ამ რთულ ვითარებაში გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები. ძალიან საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა. დავსახეთ სამომავლო გეგმები, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ყალბი ამბავი და პროპაგანდა არ გავრცელდეს. გარდა ამისა, სამეურვეო საქმიანობაშიც გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახის ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ომის პერიოდში მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ახორციელებს უკრაინის მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებას.