უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ერთად ძლიერები ვართ, ერთად ვდგავართ და ერთად გავიმარჯვებთ
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი მიკოლა ჩერნოტიცკი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. უძველესი დროიდან, საქართველო ცნობილი იყო როგორც უნიკალური კულტურის, ხელუხლებელი ბუნებისა და მდიდარი ისტორიის კერა, რომელიც მრავალი ლეგენდითა და მითით არის მოცული. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი აღნიშნავს ერთიანობას და სიმტკიცეს ქართველი ხალხისა, რომელმაც ყველა აღმაფრენისა და დაღმასვლის მიუხედავად, თავისი ქვეყანა მიიყვანა თავისუფლებამდე, დამოუკიდებლობამდე, დემოკრატიულ განვითარებამდე და რომელიც ოდესღაც რუსეთის უხეშმა თვითნებობამ ხელყო და კვლავ საფრთხეს უქმნის.
ამ დღეებში უკრაინელი ხალხი, რომელიც იმავე უსამართლობას განიცდის, იძულებულია, დადგეს დამოუკიდებელი და თავისუფალი არსებობის უფლების დასაცავად. არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ამ გმირულ ბრძოლაში, საქართველოს მოსახლეობამ დაადასტურა, რომ არის ჩვენი ერის ნამდვილი მეგობარი, ცხოველური სისასტიკისა და ძალადობის წინააღმდეგ დადგომით, მტკიცე გადაწყვეტილების გამოვლენით, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და უკრაინის მიმართ სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერით და გულწრფელი თანაგრძნობით.
ჩვენ გულითადად ვაფასებთ საქართველოს მიერ უკრაინის თავისუფლებისა და მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მის მტკიცე გადაწყვეტილებას, წინააღმდეგობა გაუწიოს უპრეცედენტო უსამართლობასა და ძალადობას.
გარდა ამისა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი უაღრესად აფასებს ისეთი დემოკრატიული ინსტრუმენტების დონეზე მხარდაჭერას, როგორიცაა საზოგადოებრივი მედია, რომელიც ებრძვის დეზინფორმაციას და აშუქებს იმ საშინელ სისასტიკესა და ტანჯვას, რომლის გადატანაც უკრაინელ ხალხს დღეს უწევს.
ამგვარად, კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო ღრმა მადლიერება თქვენი ძალისხმევის მიმართ და გისურვოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა.
ერთად ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია თინათინ ბერძენიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი მიკოლა ჩერნოტიცკი აწერს ხელს.