უკრაინის ტელეარხ “პირველის“ ანალოგურ რეჟიმში მაუწყებლობა, დავალიანების გამო, შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ალასანიამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს დილით უკრაინის რადიომაუწყებლობის, რადიოკავშირის და ტელევიზიის სახელმწიფო კონცერნმა დავალიანების გამო, უკრაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის მაუწყებლობა შეაჩერა”, – წერს ალასანია.
უკრაინის რადამ ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნას მხარი 2015 წლის მარტში დაუჭირა. აპრილში კანონს ხელი პრეზიდენტმა პოროშენკომ მოაწერა.
აღნიშნული კანონის მიხედვით, უკრაინის საზოგადოებრივის მაუწყებლის ბიუჯეტი, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის 0,2%-ს უნდა შეადგენდეს.
2017 წელს უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტიდან 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფარვისთვის იყო საკმარისი. კიდევ 10,6 მილიონი დოლარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მიიღო. 2017 წელს ზურაბ ალასანიამ განაცხადა, რომ 2018 წელს მაუწყებელი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მხოლოდ ნახევარს მიიღებდა.
2018 წლის აპრილში უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებლის თანამშრომელთა რაოდენობა 7000-დან 3000-მდე შეამცირეს. რამდენიმე დღის წინა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტელერადიოკომპანიას 7,8 მილიონი დოლარის დანაკლისი აქვს, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოწოდების მიუხედავად, ბიუჯეტიდან არ გადარიცხეს.
„საზოგადობრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა იძულებულია მოახდინოს ფაქტების კონსტატაცია, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი დააფინანსოს საზოგადოებრივი მაუწყებელია, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელ მედიაზე ფინანსურ ზეწოლად”, – ნათქვამია უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანალოგური მაუწყებლობის აღდგენამდე მაყურებლებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნახვა ციფრულ ფორმატში, ასევე საკაბელო ქსელში და ინტერნეტში შეეძლებათ.