უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბელარუსში ამჟამად 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბელარუსში ამჟამად 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბელარუსში ამჟამად 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მათი როტაცია, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს კი მათი რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება.

ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, სერგეი დეინეკომ განაცხადა.

„დღეისთვის ჩვენ არ ვაფიქსირებთ ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს რუსულ-ბელარუსული ჯარების დაჯგუფებების ზრდას. დღეისთვის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ძალების რაოდენობა დაახლოებით 11 ათას სამხედროს შეადგენს. ამასთან, ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ახლა მიმდინარეობს რუსეთის ქვედანაყოფების როტაცია“, – განაცხადა დეინეკომ ტელეეთერში.

დეინეკოს განცხადებით, უკრაინელი მესაზღვრეები და სამხედროები ბელარუსთან საზღვრის გამაგრებას განაგრძობენ.