უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია, ლუკაშენკო თავისი განცხადებებით სიტუაციას ამძაფრებს
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ბელარუსული ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობის ზრდა არ შეუნიშნავს.
ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უწყების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ განუცხადა.
რუსულ მედიასთან ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი იძულებული იყო, უკრაინის საზღვართან თავისი არმიის თითქმის მესამედი გადაეყვანა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ლუკაშენკო თავისი განცხადებებით სიტუაციას ამძაფრებს.
„ბელარუსის რესპუბლიკასთან საზღვარზე არსებული მდგომარეობა უცვლელია. როგორც ვხედავთ, ლუკაშენკოს რიტორიკა ასევე არ იცვლება, მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას ტერორისტი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ ჩვენს საზღვართან ბელარუსის დანაყოფების, პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.