უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის რაიონული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნიკოლაი ჩაუსს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის რაიონული სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნიკოლაი ჩაუს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით.
სასამართლომ ჩაუსი დამნაშავედ ცნო მექრთამეობაში. ჩაუსი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას 30 დღის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
ამასთან, უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს კოლეგიამ ყოფილ მოსამართლეს გარკვეული თანამდებობის დაკავება სამი წლის ვადით აუკრძალა. პროკურატურა ჩაუსისთვის 12-წლიან პატიმრობას და ქონების ჩამორთმევას ითხოვდა.
კიევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნიკოლაი ჩაუსი 2016 წლის აგვისტოში დააკავეს. რადას დეპუტატები მოსამართლეს იმუნიტეტს ვიდრე ჩამოართმევდნენ, ჩაუსმა ქვეყანა დატოვა. მან მოლდოვაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. 2021 წლის გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლაი ჩაუსი კიშინეუში უცნობმა პირებმა გაიტაცეს. 2021 წლის ივლისში ყოფილი მოსამართლე უკრაინის ვინიცის ოლქის ერთ-ერთი სოფლის საბჭოში გამოჩნდა. იქიდან ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში გადაიყვანა. 4 აგვისტოს ჩაუსს შინაპატიმრობა შეუფარდეს.