უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - საქართველოს ელჩი ჩამოსული იყო კონსულტაციებზე თბილისში, ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას
ველოდებით, როდის დაბრუნდება საქართველოს ელჩი კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განუცხადა.
მისივე თქმით, დიპლომატიის ფრონტზე სიტუაცია რჩება იგივე.
„ელჩი ჩამოსული იყო თბილისში კონსულტაციებზე და ამ კონსულტაციების შემდეგ ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას. ასევე, იმ საკითხების შესახებაც გადასცემს ინფორმაციას, რომელიც იქნება წამოჭრილი“, – განაცხადა ოლექსანდრ შულგამ.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა მიმდინარე წლის ივლისში დატოვა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს ამოიწურა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე. ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.