უკრაინის სამხედრო პროკურორი - ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 40 000 შეიარაღებული ადამიანი იმყოფება
უკრაინის სამხედრო პროკურორი - ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 40 000 შეიარაღებული ადამიანი იმყოფება

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 40 000 შეიარაღებული ადამიანი იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული პირების რაოდენობა მერყეობს ესკალაციისა და შედარებითი სიმშვიდის პერიოდში, თუმცა ჯამში იქ იმყოფება 40 000-მდე შეიარაღებული პირი, რომლებსაც გავლილი აქვთ რუსეთის ფედერაციის ოფიცრებთან შესაბამისი სწავლება. უშუალოდ რუსებისგან შემდგარი კონტინგენტი სხვადასხვა პერიოდში 3 000-დან 16 000 სამხედრომდე მერყეობს“, – განაცხადა მატიოსმა,

უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის სამხედროებს ორი საჯარისო კორპუსი აქვთ ჩამოყალიბებული, ერთის შტაბი – დონეცკში, ხოლო მეორესი ლუგანსკში მდებარეობს.

„ჩვენს წინააღმდეგ ომობს ჩამოყალიბებული, კარგად აღჭურვილი და უზრუნველყოფილი სამხედრო ძალა“, – აღნიშნა სამხედრო პროკურორმა.