უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ კირილ ბუდანოვმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 92 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
ბუდანოვის თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით. დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მასშტაბურმა წვრთნებმა აჩვენა, რომ რუსეთს ერთდროულად 3 500-მდე მედესანტეს და სპეციალური ძალების ჯარისკაცის გადმოსხმა შეუძლია. მისი თქმით, თავდასხმა, რომელსაც რუსეთი ამზადებს დონბასის ომთან შედარებით, უფრო გამანადგურებელი იქნება.
19 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გაურკვეველია მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება, თუმცა კირილ ბუდანოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ყირიმში ჯარებისა და იარაღის სისტემების რაოდენობის გაზრდით, აგრეთვე საზღვრის მახლობლად მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების და სხვა ტიპის იარაღის განლაგებით თავდასხმისთვის პოტენციალს აძლიერებს.
გარდა ამისა, ბუდანოვის მტკიცებით, ნებისმიერ თავდასხმას წინ უსწრებს ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციისა და მისი ბრძოლის უნარის შელახვის მიზნით ახლაც მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსეთს საპროტესტო აქციებისა და მიტინგების ორგანიზებით არეულობის დათესვა სურს, რათა აჩვენოს რომ ხალხი საკუთარ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება. მსგავს ქმედებებს შორის ბუდინოვი „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ საპროტესტო აქციებს ასახელებს, რომელიც მისი თქმით რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.
ბუდანოვის თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ღია ომს აწარმოებს და ამიტომ დროულ დახმარებას საჭიროებს. მისი განცხადებით, დასავლეთს ძალუძს რუსეთის შეკავება დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენით, ასევე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდით, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების და რუსული აქტივების ჩამორთმევის და გაყინვის გზით.