უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები წვრთნებს მართავს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო წვრთნებს მართავს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო მზადყოფნას ზრდის. სამინისტროს ინფორმაციით, 22 ნოემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი წვრთნები 1-ლი (დონეცკი) და მე-2 (ლუგანსკი) არმიის დანაყოფებში, სამობილიზაციო რეზერვის და საოკუპაციო ადმინისტრაციის მონაწილეობით.
სამინისტროს ცნობით, წვრთნებზე კონტროლს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 არმიის კომპლექსური კომისია ახორციელებს.
გარდა ამისა, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფების დისკრედიტაციისთვის, წვრთნებს თან ახლავს რუსული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის გააქტიურება, ახალი ყალბი მასალების მომზადებით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან რუსეთმა 90 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება მოახდინა. რამდენიმე დღის წინ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს.