უკრაინის სამხედრო დაზვერვა - ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა, დაღუპულია 180-მდე რუსი სამხედრო
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე ოთხი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, დაღუპულია 180-მდე რუსი სამხედრო.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებების შედეგად ხერსონის ბამბის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა იყო განთავსებული, დაფიქსირდა ოთხი ძლიერი აფეთქება. ამ დროისთვის ცნობილია 180-მდე რაშისტის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ქალაქიდან სამი სატვირთოთი გაიყვანეს. კიდევ რამდენიმე ათეული გადაიყვანეს ხერსონის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში არიან“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
გარდა ამისა, დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს რაიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულია 80, ხოლო ვასილიევკის რაიონში განადგურებულია 15 რუსი სამხედრო. ამასთან, დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებშიც, სადაც უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსებს დიდი ზიანი მიადგათ, როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით.