უკრაინის საკითხზე ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს, დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრაც
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურ კონფერენციას გამართავს ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან. ინფორმაციას „სიენენი“ ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ასევე, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ინიციატივით, 24 თებერვალს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.