რადგან არ შემიშვეს და ვერ შევძელი, პირადად მენახა სააკაშვილი და გავცნობიდი მის მდგომარეობას, ვიზუალურად მაინც, ვფიქრობ ხელისუფლება რაღაცას მალავს, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოთხი საათის განმავლობაში ელოდა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვას, თუმცა არ მიუღია.
„ოთხი საათის განმავლობაში ველოდებოდით მე-18 კოლონიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებას და აქ განთავსებული სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმის გადაწყვეტილებას, შეეძლოთ თუ არა ჩვენი მიღება ან ჩვენთან შეხვედრა, რომ ეთქვათ რა პირობებშია მიხეილ სააკაშვილი და ეწევა თუ არა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მიხეილის ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი.
სამწუხაროდ, ოფისიდან დამირეკა პიროვნებამ და არანაირი პასუხი არ გამცეს. ჩვენ მივიღეთ იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი, რატომ არ მომცეს მონახულების ნებართვა, რომელიც საკმაოდ შეუსაბამოა, რადგან ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც თითქოს სტრასბურგის სასამართლომაც დააფიქსირა, ხოლო უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უარს აცხადებს სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მხოლოდ ის ვიზიტორები იქნებიან დაშვებული, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაცვის თანხლებით შეშვებას ექვემდებარებიან. ამიტომ, აქედან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ დაშვებული იქნებიან მხოლოდ ნათესავები, ადვოკატები და უკრაინის კონსული. მსურს, მადლობა ვუთხრა ადვოკატს, რომელმაც გადმომცა წერილი მიხეილისგან, რომელშიც იწერება, რომ დაწესებულება სადაც განმათავსეს არ არის საავადმყოფო, საავადმყოფო აპარატურით. მულტიპროფილური არის სხვა ფილიალში, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან განთავსებულნი“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
ლუდმილა დენისოვამ აქვე წაიკითხა წერილი, რომელიც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან მისმა ადვოკატმა გადასცა.
„ჩემს პირად ექიმს აღარ უშვებენ, დღეს უკვე მესამედ არ დამიშვეს სასამართლოზე, ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ და შეშფოთებული ვარ იმ ამბებით, რაც იქ ხდება. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მესამე დღეა, არ ვდგები ლოგინიდან, წნევა არასტაბილური მაქვს, კალიუმი ერთ მომენტში ძალიან დაბალ ნიშნულზე დაეცა, თუმცა ექიმმა გამომიწერა მედიკამენტი და შემდეგ დასტაბილურდა, თუმცა რადგან ჩემს ექიმს აღარ უშვებენ, უარი განვაცხადე მის მიღებაზე. ჩემს პალატაში არ არის არც შესაბამისი აპარატურა და არც გამოსაძახებელი აპარატურა“, – წაიკითხა უკრაინის სახალხო დამცველმა წერილი.
მისივე თქმით, ვინაიდან არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება, ის წერილობით მიმართავს დაწესებულების მთავარ ექიმს და სთხოვს ინფორმაციას მისი ჯანმრთელოებისა და მკურნალობის შესახებ.
„დღევანდელი დღე შემიძლია შევაფასო ისე, რომ რადგან არ შემიშვეს და ვერ შევძელი პირადად მენახა სააკაშვილი და გავცნობიდი მის მდგომარეობას, ვიზუალურად მაინც, ვფიქრობ ხელისუფლება რაღაცას მალავს, არ უშვებენ ექიმთა კონსილიუმს და აცხადებენ, რომ ამ დაწესებულებაში არიან ყველა საჭირო ექიმები. დღეს შევხვდები სააკაშვილის პირად ექიმს და საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე რადგან არ მომეცა ამ დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრის საშუალება, როგორც ადმინისტრაციის, ისე მთავარი ექიმის, მათ მივწერ წერილობით, რომ მომაწოდონ ინფორმაცია მიხეილის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს მისი უფლებების დაცვა, და მთავარ ექიმს ვთხოვ, მომაწოდოს ინფორმაცია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იმ მკურნალობაზე, რასაც მას უტარებენ და უნდა ჩაუტარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
როგორც დენისოვამ აღნიშნა, ადამიანის უფლებების მიმართულებით მისი უფლებამოსილება ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის მათზე, ვინც იმყოფებიან საზღვარგარეთ.
„უფლებამოსილება მაქვს უკრაინის უმაღლესი რადასგან, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩემი მანდატი ვრცელდება უკრაინის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ. დღეს რომ ის მენახა, შესაძლოა, ჩემი შეფასებები შეცვლილიყო, მაგრამ დღეს არსებულით ჩემს შეფასებებს ვაგებ მასთან სხვა ადამიანების ურთიერთობებზე და შეხედულებებზე. რასაც ვხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3, მე-6 და მე-2 მუხლის დარღვევა, ადამიანის წამების შესახებ კონვენციის პირველი მუხლის დარღვევა და პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების საერთაშორისო პაქტის დარღვევა, ამიტომ ხელისუფლებისგან მსურს, მივიღო პასუხი, რომელიც შესაბამისი ფაქტებით დაადასტურებს იმას, რასაც დღეს აცხადებენ. ჩემი მანდატი არ ვრცელდება იმაზე, რომ შევაფასო იმ ბრალდებების მართებულობა, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოთქმული და წარდგენილი და დღევანდელი სასამართლო პროცესი ან მომავალი სისხლის სამართლის საქმეები შემიძლია, შევაფასო იმ კონტექსტში, შეესაბამება თუ არა პატიმრის უფლებები იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომლის რატიფიცირება საქართველომაც მოახდინა“, – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.
კითხვაზე, ელოდება თუ არა, ოფიციალური კიევის რეაგირებას ელოდებით იმის გამო, რომ იგი არ შეუშვეს პენიტენციურ დაწესებულებაში, დენისოვამ განაცხადა, რომ ისაუბრებს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინას.
მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს მასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებაზეც, რომელმაც თქვა: „წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედროდით, რათა მოესმინა ჩვენი პოზიცია“.
„აი, ასეთი ცალმხრივი განცხადება გავაკეთე; მისგან როდესაც გამოვედი, ვთქვი, რომ ის არის ფერმკთალი და თავს ცუდად გრძნობს. ეს ჩემი ხედვაა და მის შეცვლას ვერ შევძლებ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგაც. ასე ვთქვი, რადგან მისი ნახვის დროს ეს დავინახე.
როდესაც ბოლოს ვიმყოფებიდი საქართველოში, იუსტიციის მინისტრს არ შევხვედრივარ, 27 ოქტომბერს. როდესაც ქვეყანაში შემოვედი, 40 წუთი საზღვარზე ვიდექი, წყვეტდნენ ჩემი დაშვების საკითხს. როდესაც შევედი სააკაშვილის სანახავად და ვნახე, ის პირობები, რომელშიც იმყოფება პიროვნება, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე, გავაკეთე შესაბამისი განცხადება. ვაკეთებ მხოლოდ ჩემს საქმეს.
უკრაინის რადის მიერ ადამიანის უფლებების საკითხში უფლებამოსილს, აქვს უმაღლესი რანგის აკრედიტაცია, რადგან განცალკევებულია მის ქვეყანაში არსებული ხელისუფლების ყველა ორგანოსგან და პასუხისმგებელი საკუთარ განცხადებებზე. ამიტომ, უფლება მაქვს, ხელისუფლებასთან კონსულტაციების გარეშეც გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მათ შორის სხვა ქვეყანაშიც“, – განაცხადა დენისოვამ.