უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს, ფრაგმენტები უმაღლესი რადას შენობასთანაც ჩამოვარდა
უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ „შაჰედის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.
58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს.
რუსეთის ძალებმა დრონები უკრაინის სხვადასხვა ოლქის, მათ შორის კიევის მიმართულებით გაუშვეს.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში დრონების ფრაგმენტები საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის ეზოში ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები უმაღლესი რადას შენობასთან ჩავარდა, პარლამენტში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად დაზიანებები არ ფიქსირდება.