უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთი უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 71 ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთი უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან 71 ჩამოაგდეს

რუსეთი ღამით უკრაინას 75 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ავრცელებს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, 75 დრონიდან ჩამოგდებულია 71.

რუსეთის მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევის მიმართულების რეკორდული რაოდენობით, 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის არის 11 წლის ბავშვი. არცერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. იერიში შემდეგ უკრაინის დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროსადენების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდებოდა 77 სახლს და 120 დაწესებულებას.

რაც შეეხება ვითარება უკრაინის აღმოსავლეთით, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ექვსი მიმართულებით ახორციელებდა შეტევას და ბოლო 24 საათში 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის არმიის შეტევების ძირითად მიმართულებებს შორის არის კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდევევკა და მარინკა. თუმცა, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ყველა ეს შეტევა მოგერიებულია.