უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთ ხიდზე განახორციელა დარტყმა
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთ ხიდზე განახორციელა დარტყმა

უკრაინის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ ერთ ხიდზე განახორციელა დარტყმა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„კურსკის მიმართულება, მინუს კიდევ ერთი ხიდი. ავიაცია ზუსტი საჰაერო დარტყმებით განაგრძობს მტრისთვის ლოგისტიკური შესაძლებლობების წართმევას, რაც არსებითად აისახება საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – წერს საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშუკი.

მანამდე, რუსულ და უკრაინულ ტელეგრამარხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს მდინარე სეიმზე მდებარე მეორე ხიდზე, სოფელ ზვანოეში. არსებული ცნობებით, ამ ხიდით ხდებოდა კურსკის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ნაწილების მომარაგება.

ამასთან, მანამდე უკრაინის ავიაციამ კურსკის ოლქში გაანადგურა ხიდი სოფელ გლუშკოვოში.