უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა
უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა.
რუსეთის ტყვეობიდან უნგრეთში გადაყვანილი უკრაინელი სამხედროების დაბრუნება ბუდაპეშტში უკრაინის საელჩომ მოახერხა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.
მისი თქმით, სამხედროები უკვე უკრაინაში იმყოფებიან და მათ საჭირო დახმარებას უწევენ.
„უკრაინელი დიპლომატები სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბთან და უკრაინის სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად განაგრძობენ აქტიური ზომების მიღებას რუსეთიდან უნგრეთში ევაკუირებული დანარჩენი უკრაინელი დამცველების სახლში დასაბრუნებლად“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანილ პატიმრებს უნგრეთი საუბრის საშუალებას არ აძლევს და უნგრული მხარე არ იწყებს კონსტრუქციულ დიალოგს კიევთან. ამავდროულად, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ტყვეების უნგრეთში გადაყვანამდე კიევს ამის შესახებ აცნობეს და ასევე შეატყობინეს, რომ უნგრეთში გადაყვანის შემდეგ აღნიშნული პირები აღარ იქნებოდნენ ტყვეები.