უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია ბელარუსის ლეგიტიმურ მეთაურად მის აღიარებას არ ნიშნავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მის ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველად აღიარებას არ ნიშნავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.
„უკრაინა არასდროს, არანაირი ფორმით არ ჩარეულა ბელარუსის საკითხებში და ბელარუს ხალხს ყოველთვის დაუჭერს მხარს. ბელარუსში საარჩევნო კამპანიის და მისი თანმდევი მოვლენების გათვალისწინებით, ლუკაშენკოს დღევანდელი „ინაუგურაცია“, არ ნიშნავს, რომ ის ქვეყნის ლეგიტიმური მეთაურია“,- წერს კულება „ტვიტერზე“.
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.