უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს

რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მიღებული ინფორმაციით, 19 მარტს, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს 2 389 ბავშვი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ.

„აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების იძულებით გადაყვანას გატაცების ნიშნები აქვს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სახლების ნგრევითა და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე საფრთხის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.