უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში რამდენიმე დიპლომატიური მისიის შენობები დაბომბეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს.
უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების დაბომბვა და განაცხადა, რომ რუსების ქმედება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ვენის კონვენციებს დიპლომატიური, საკონსულო ურთიერთობების შესახებ.
„მარიუპოლში რუსეთის არმიის სარაკეტო დაბომბვების შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც განთავსებული იყო საბერძნეთის გენერალური საკონსულო და ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის ოფისი. ხარკოვში განადგურებულია სლოვენიის, აზერბაიჯანისა და ალბანეთის საპატიო კონსულების დაწესებულებები. დიპლომატიურ მისიებზე რუსეთის თავდასხმები უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ვენის კონვენციებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრად დაგმონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების ბარბაროსული დაბომბვა, რომელიც იწვევს სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების მკვლელობას და დაშავებას. უკრაინული მხარე უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური დიპლომატიური დაწესებულებების შენობების განადგურების ფაქტებს საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებში შეიტანს, რათა დანაშაულებებზე რუსეთს მაქსიმალური პასუხისმგებლობა დაეკისროს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.