უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიცია გულდასაწყვეტია
კიევი იმედგაცრუებულია გენოციდთან დაკავშირებით მაკრონის პოზიციით და სიტყვებით მოძმე ერის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია.
„რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.
პრესმდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ორი „მოძმე“ ხალხის – რუსეთისა და უკრაინის შესახებ მითის ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ.
მისი განცხადებით, 2014 წელს რუსი „ძმები“ ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მივიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14 ათასი უკრაინელი მოკლეს, ხოლო ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა თებერვალში, როდესაც პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გაუშვეს.
„მოძმე“ ერები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სიმხეცეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ქმედებების გენოციდად შეფასებაზე განაცხადა: „ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი – რუსები და უკრაინელები, ძმები არიან“.