უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს იყო და არ იქნება განხილვის ან კომპრომისების საგანი
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს იყო და არ იქნება განხილვის ან კომპრომისების საგანი, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ პოზიციას იზიარებენ როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები, ისე პარტნიორები და საერთაშორისო სამართალი.
„ყირიმი არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრულფასოვანი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის უკრაინული ნახევარკუნძულის სრული დეოკუპაციის შემდეგ“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროში ელოდებიან პარტნიორების მხარდაჭერას, რათა რუსეთს აიძულონ ყირიმიდან ჯარების გაყვანა, პასუხი აგებინონ მას საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ჩადენილ დანაშაულებზე.
„ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ მიზნების მალე მიღწევაზე და არა ამა თუ იმ გზით კრემლის მადის დაკმაყოფილებაზე უკრაინის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში არ განმარტავენ, რასთან დაკავშირებით გაავრცელეს აღნიშნული განცხადება, თუმცა მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით წინადადებები აქვს. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, სიკორსკი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ყირიმი გადავიდეს გაერო-ს მანდატის ქვეშ იქ შემდგომში სამართლიანი რეფერენდუმის მოსამზადებლად.