უკრაინის საგარეო უწყება - მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გაათავისუფლოს საქართველოს დაჭრილი მოქალაქე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას.
ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რუსული საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული ქმედებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ. რუსეთი დაკავების, გატაცების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის რეალიზებით განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების სისტემურად და უპრეცედენტოდ დარღვევას.
უკრაინა კვლავაც ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაბრკოლებების გარეშე უზრუნველყოს უფლებადამცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე – გაათავისუფლოს და დააბრუნოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქე“, – წერია განცხადებაში.