უკრაინის საგარეო უწყება - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, უკანონო „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგები.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულმა არალეგალურმა ხმის მიცემამ, იმ დროს, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შეჭრას, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის.
„უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სანქციები რუსეთის მიმართ, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.