უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა კომპლექსურ მიზეზებს უკავშირდება
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა „კომპლექსური მიზეზებით“ მოხდა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოდან უკრაინელი დიპლომატის გაწვევა უკავშირდება „კომპლექსურ მიზეზებს, რომლებმაც აიძულეს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ეს გადაწყვეტილება მიეღო“.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ელჩების მუშაობის სტიმულირების კონტექსტში, მათი მუშაობის ანალიზის, აქტივობის, მიღწეული შედეგების და, ზოგადად, დიპლომატიური სისტემის ომის ხისტ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, როდესაც საჭიროა შედეგი“, – განაცხადა ტიხიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გათავისუფლების ცალკეულ დეტალებზე კონცენტრირება „მთლად კორექტული არ არის“.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი 9 სექტემბერს გაიწვია.
მანამდე კი უკრაინული მედიით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინმა უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთ-ერთ თათბირზე საელჩოში „სარეცხის მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი დააყენა“.