უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტის მიერ გაკეთებულ არამეგობრულ განცხადებებთან დაკავშირებით უნგრეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
უკრაინაში უნგრეთის ელჩი ანტალ ჰეიზერი ბუდაპეშტის მიერ გაკეთებულ არამეგობრულ განცხადებებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ მიშჩენკომ ელჩთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ კიევისთვის აშკარაა, რომ უნგრეთში მმართველი პოლიტიკური ძალები ცდილობენ უკრაინის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩათრევას.
„ახლა ყველა ეს სასაცილო მცდელობა, უკრაინა მტრად გამოიყვანოს, რომელიც მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს რეალურ მტერს ებრძვის, უბრალოდ საცოდავად და შეურაცხმყოფლად გამოიყურება, პირველ რიგში, უნგრელი ხალხისთვის, რომელიც, მიკერძოებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ნამდვილი ევროპელი ერია, რომელიც მოხალისეთა მოძრაობის მეშვეობით ყველანაირად ეხმარება უკრაინელ ხალხს რუსი მტრის დამარცხებაში და რუსი ოკუპანტების ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნების თავიდან აცილებაში“, – ხაზგასმულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, ელჩის დაბარების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო უნგრეთში გავრცელებული საინფორმაციო კამპანია, სადაც ვიქტორ ორბანის მთავარ მეტოქეს „უნგრელ ზელენსკის“ უწოდებენ.