უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „შტაინმაერის ფორმულა“ არ სრულდება
კიევში აცხადებენ, რომ „შტაინმაერის ფორმულა“ არ სრულდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვადიმ პრისტაიკოს თქმით, მინსკში მიღწეული შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებული იყო ცეცხლის შეწყვეტა და სამხედრო ძალების დაშორიშორება, თუმცა არც ერთი პირობა არ სრულდება.
მინისტრის განცხადებით, ქალაქ ზოლოტიესა და პეტროვსკოეში ძალების გაყვანა ამ დრომდე არ დაწყებულა და ორივე ქალაქის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
„ძალების დაშორიშორება ითვალისწინებს ცოცხალი ძალის გაყვანას, თუმცა საფორტიფიკაციო ნაგებობები რჩება ადგილზე. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მეორე მხარე ამ პირობას არ ასრულებს, მეტიც ღმერთმა არ ქნას, გეგმავენ რაიმე აგრესიულ ქმედებას, ჩვენი შეიარაღებული ძალების პოზიციებს დაიკავებენ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კი განაცხადეს, რომ კიევმა თავად გახსნა ცეცხლი და შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.
ამასთან რუსულ მედიასთან საუბარში, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს ძალების დაშორიშორება ისედაც არ იყო დაგეგმილი.
შეგახსნებთ, რომ კიევი „შტაინმაერის ფორმულის“ შესრულებას პირველ ოქტომბერს დათანხმდა. „ფორმულის“ ერთი -ერთი პირობა დასახლება ზოლოტიესთან და პეტროვსკოესთან ძალების დაშორიშორებას ითვალისწინებდა.