უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს სამიტისგან უკრაინა ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში წევრობამდე პერიოდისთვის და არა, როგორც წევრობის ალტერნატივას
ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისგან უკრაინა ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში წევრობამდე პერიოდისთვის და არა, როგორც წევრობის ალტერნატივას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი პერებიინისმა განაცხადა.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, უკრაინის მოლოდინებს შორის არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ ალგორითემბთან და ვადებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ასევე უსაფრთხოების საიმედო გარანტიების საკითხი.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ გარანტიების მიღება ჩვენ გვსურს არა ნატო-ს წევრობის ნაცვლად, არამედ სრულფასოვანი წევრობის მიღებამდე პერიოდისთვის. ყველასთვის გასაგებია, რომ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის სწორედ ნატო-ს წევრობა, რადგან არსებობს მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს, თუმცა ალიანსში წევრობის მოპოვებამდე ჩვენ გვჭირდება სხვა ხასიათის გარანტიები და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ევგენი პერებიინისის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა მოდელზე მსჯელობა, მათ შორის ისრაელის მოდელზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას გულისხმობს და იმ მოდელზე, რომელიც გამოყენებული იყო ფინეთსა და შვედეთთან მიმართებით.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან იმაზე, რომ ვილნიუსის სამიტზე იყოს კონკრეტული პასუხი, მიღებულ იქნას კონკრეტული ალგორითმი იმასთან დაკავშირებით, როგორ, რა პირობებით და როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ამიტომ ახლა ჯერ ნაადრევია საუბარი, როგორ იქნება ეს ზუსტად ფორმულირებული, თუმცა, ეს უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი 15 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შედარებით“, – განაცხადა უკრაინის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ.