უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ შიშის ატმოსფეროა შექმნილი
რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიშის ატმოსფეროა შექმნილი, კანონის უზენაესობა კი, განადგურებულია, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.
„უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიშის ატმოსფერო შეიქმნა და ნარჩუნდება, სამოქალაქო სივრცემ არსებობა შეწყვიტა, კანონის უზენაესობა კი, სრულად განადგურებულია. მიმდინარეობს დაუფარავი დემოგრაფიული და ჰუმანიტარული ცვლილება. გაერო-ს გენერალური მდივნის ბოლო ანგარიში, სხვა ანგარიშებთან ერთად ასახავს ბნელ რეალობას“, – განაცხადა პრისტაიკომ.
უკრაინელმა დიპლომატმა გაერო-ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ვადიმ პრისტაიკოს თქმით, გაერო-ს ორგანოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული მრავალი რეზოლუციის მიუხედავად, საოკუპაციო ძალა საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს.