უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის წლები უკრაინისთვის რთული პერიოდი იყო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის წლები უკრაინისთვის რთული პერიოდი იყო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის წლები უკრაინისთვის რთული პერიოდი იყო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ განაცხადა.

კულებამ „სიენენს“ ინტერვიუ უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტამდე მისცა.

„ეს იყო რთული პერიოდი და ამ დროს ჩვენ ყველა ფოკუსირებული ვიყავით მხოლოდ ერთზე – აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე საუბრისას.

უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატებთანაც და რესპუბლიკელებთანაც კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები „მყარ საფუძველზე“ იდგას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებასთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. ამის საფუძველზე წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა. პრეზიდენტი მოგვიანებით სენატმა გაამართლა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „სიენენთან“ განაცხადა, რომ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, მიმართა თუ არა უკრაინას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის საქმეზე. კულებას თქმით, უკრაინა ღიაა გამოძიების ფედერალური ბიუროს დასახმარებლად, რადგან ქვეყანას არაფერი აქვს დასამალი.

შეგახსენებთ, გასულ თვეში მანჰეტენზე მდებარე რუდი ჯულიანის სახლში ფედერალურმა აგენტებმა ჩხრეკა ჩაატარეს უკრაინასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოძიების ფარგლებში.