უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დღეს ბუდაპეშტში ჩავა და უნგრელ კოლეგას შეხვდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, დღეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტით ჩავა და უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემები იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება, კერძოდ, ეკონომიკის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებისკენ წინსვლა, „მშვიდობის ფორმულა“, როგორ რუსეთის აგრესიის სამართლიანი დასრულების გზა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს ვიზიტი არის სიბიგას რეგიონული ტურნეს გაგრძელება, რომელიც მან რუმინეთიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო გასული კვირის ბოლოს ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.