უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დაბრუნება „მინსკის შეთანხმებას“ ძირს გამოუთხრის
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დაბრუნება „მინსკის შეთანხმებას“ ძირს გამოუთხრის, – ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა დაწერა.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაციისთვის სანქციებს მოხსნას რამდენიმე სახელმწიფო ლობირებს.
„თუ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცალკეული წევრები მზად არიან დააბრუნონ აგრესორი და საერთაშორისო კანონმდებლობის დამრღვევი ქვეყანა, ისე რომ მას დაწესებული მოთხოვნების შესრულებაც არ მოუწევს, მაშინ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს სახელმწიფოები „მინსკის შეთანხმებისთვის“ ძირის გამოთხრის თანამონაწილეები იქნებიან“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს. კიევში აცხადებენ, რომ ახლა რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრთან ერთად ამ სანქციების გაუქმებას ცდილობს.
ე.წ. მინსკის შეთანხმება 2015 წელს დონბასში შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით მიიღეს.