უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი - რუსეთს 55 ათასზე მეტი დაღუპული, 60 ათასზე მეტი დაჭრილი ჰყავს, მოსკოვი რეალურ დანაკარგებს მალავს
უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, არმიის გენერალი, ნიკოლაი მალომუჟი უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის რეალურ დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, „რუსეთს 55 ათასზე მეტი დაღუპული და 60 ათასზე მეტი დაჭრილი ჰყავს, მხოლოდ 10 პროცენტი შეძლებს სამსახურში დაბრუნებას, 90 პროცენტი ფეხებისა და ხელების გარეშეა, მძიმე დაზიანებებით“.
უკრაინელი გენერალი ამბობს, რომ რუსეთი რეალურ დანაკარგებს მალავს.
ამასთან, ნიკოლაი მალომუჟის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია აგონიაა.
„ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თავს დაგვესხმებოდა, რადგან პუტინმა ომის დაწყებით, ფაქტობრივად, გახსნა პანდორას ყუთი და შექმნა პირობები აგრესორის განადგურებისთვის და, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რეჟიმის დამხობისთვის. რუსეთს რეზერვები არ ჰქონდა. პუტინმა დაინახა, რომ უახლოეს თვეებში შეიძლება, მოხდეს უკრაინის სრული გათავისუფლება და რუსეთის ფედერაციის სრული დამარცხება. ახლა ის ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ არაფერი დაწყებულა, მაგრამ არ არსებობს რეზერვები, მაღალი სიზუსტის აღჭურვილობა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ძალიან ძლიერი გამარჯვების პერსპექტივას მისცემდა“, – განაცხადა ნიკოლაი მალომუჟმა.