უკრაინის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო
უკრაინის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა.
დოკუმენტში არის ცალკე თავი, „რუსეთიდან წარმოშობილი საფრთხეები“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს.
სადაზვერვო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების გადაცემის კონკრეტული ვარიანტის მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ძირითადი სცენარი ითვალისწინებს რუსეთში „პუტინიზმის“ სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას, პუტინთან ერთად ან მის გარეშე.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, კრემლის სტრატეგიულ მიზნებს შორის არის უკრაინის ან მისი ნაწილის ინტეგრაცია ერთგვარ სუპერსახელმწიფოებრივ პროექტში მოსკოვის ეგიდით, კოდური სახელით „სსრკ 2.0“ და ამისთვის რუსეთის ფედერაციამ არ უნდა დაუშვას უკრაინის ეკონომიკური განვითარების ტემპის, მისი მოსახლეობის ხარისხის და ცხოვრების დონის ზრდა.
„რუსეთის ფედერაცია შეეცდება, გადაჭრას სისტემური დემოგრაფიული პრობლემები უკრაინის ადამიანური რესურსების ხარჯზე, ამბობენ სადაზვერვო ანალიტიკოსები. „თეთრი წიგნი“ ამტკიცებს, რომ რომ აზოვ-შავი ზღვის რეგიონს მოსკოვი განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პლაცდარმს ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ექსპანსიისთვის. ყირიმის მილიტარიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძალთა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის ცვლილებისთვის შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ამ რეგიონში ნატო-ს თავისუფლად მოქმედების შემზღუდველი სისტემების შექმნის გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.