უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ძალების დღევანდელ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ძალების მიერ მიტანილ სარაკეტო იერიშს დღეს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი ალექსანდრ ხორუნჯი ავრცელებს. მისი ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი.
დღეს რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშები მიიტანა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში. ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქში ორი ელექტროსადგური დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს.