უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი დახურავს
უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლი დახურავს

უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს  მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „კაცები” დახურავს.

თეატრალური ფესტივალი “ანდრეევსკი ფესტ” წელს მეორედ , 18 დან 24 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მიიღებენ, მათ შორის ლიტვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ბელგია, ბელარუსი, უკრაინა და საქართველო. მარჯანიშვილის თეატრის დასი უკრაინის დედაქალაქში 22 ივნისს გაემგზავრება, სპექტაკლის ჩვენება 24 ივლისსაა ჩანიშნული.

„კაცები” მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლია, რომლის პრემიერაც 2014 წელს შედგა და მას შემდეგ თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ნილ საიმონის პიესის ადაპტაცია მაია ჯაფარიძეს ეკუთვნის, რეჟისურა ციცინო კობიაშვილს, სცენოგრაფია კი ლევან წულაძეს.

სპექტაკლში მსახიობები დიმიტრი ტატიშვილი, თემო კილაძე, ზაზა გოგუაძე, ზურა ბერიკაშვილი, ონისე ონიანი, ვასიკო ოდიშვილი, ლელა მებურიშვილი და ანა სანაია მონაწილეობენ.

„კაცები” მოგვითხრობს იმაზე, რაც ქალებს ყველაზე მეტად აინტერესებთ- ანუ რაზე საუბრობენ მამაკაცები, როცა ერთად იკრიბებიან, რითი ერთობიან, რა შეხედულებები აქვთ სიყვარულზე და ოჯახურ ურთიერთობებზე. რა არის მათი განმარტოების ასეთი დიდი სურვილის მიზეზი, რა საიდუმლოებას უნახავენ ერთმანეთს.

კაცების სამყარო ქალების გარეშე სცენაზეც კი არ არსებობს. „მამაკაცურ იდილიას“ ქალები არღვევენ…