უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
უკრაინის რადაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო წერს.
გონჩარენკოს ცნობით, რამდენიმე დეპუტატმა ასევე მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რადგან არესტოვიჩის განცხადებებში იკვეთება სახელმწიფო ღალატის ნიშნები.
„არესტოვიჩის გადაყენების დროა. ჩვენ, სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად, ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს; 2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს არ აქვთ კავშირი ბანკოვაიას (პრეზიდენტის ოფისი) პოზიციასთან; 3. ასევე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის მოგონილი ამბები დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს. ომის დროს ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და არა – არესტოვიჩივით“, – წერს გონჩარენკო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.