უკრაინის რადასა და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეები, ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისთვის, შალვა პაპუაშვილს მადლობას უხდიან
უკრაინის უმაღლესი რადას და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეები ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მადლობას უხდიან.
რუსლან სტეფანჩუკისა და გორდან იანდროკოვიჩის წერილის თარგმანს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობისათვის, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 25 ოქტომბერს ზაგრებში, ხორვატიაში.
მადლობას მოგახსენებთ სამიტზე სიტყვით გამოსვლისა და სხვა პარლამენტარებთან ერთად თქვენი ხმის ამაღლებისთვის როგორც ზაგრების ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის პლენარულ დარბაზში, ასევე, ჩაწერილ განცხადებებში.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული გზავნილები მსოფლიოს გასაგონად ხმამაღლა გაჟღერდა: ჩვენი ურყევი ერთიანობა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობასთან დაკავშირებით, ჩვენი მტკიცე სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი ღიაობა უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო მექანიზმების შემუშავებისთვის. ჩვენ, ასევე, მოვახდინეთ ერთგულების დემონსტრირება ჩვენი ისეთი საერთო ღირებულებებისადმი, როგორებიცაა მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა.
ამასთანავე, სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა, დაგვედასტურებინა არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერა და კვლავ დაგვეგმო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ სევასტოპოლის და უკრაინის სხვა ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და უკანონო ანექსია. ზაგრებში ჩვენ მიერ ერთობლივად მიღებულ დეკლარაციაში ნათლად არის მოცემული: აღნიშნული წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, რასაც საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
ძვირფასო კოლეგა, ზაგრების სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მიზნების შესრულების მზაობა და ერთობლივად მოგვეხდინა მისი საპარლამენტო განზომილების ინაუგურაცია. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული სამიტი მრავალ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა რუსეთის მიერ ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების დროებითი ოკუპაციით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად.
ჩვენი ურყევი რწმენით, ჩვენი ძალისხმევა უკრაინის გათავისუფლების პარალელურად წარიმართება. მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას შემდეგ საპარლამენტო სამიტში, რომელიც, დიდი იმედი გვაქვს, მშვიდობიან და თავისუფალ უკრაინაში გაიმართება“, – აღნიშნულია 31 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში.