უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო ლობირების შესახებ კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობის რეესტრის შექმნასა და ლობისტური სუბიექტების მონიტორინგის მექანიზმებსაც ითვალისწინებს
უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ლობირების შესახებ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება, ფაქტობრივად, ბოლოა ევროკომისიის მოთხოვნათაგან. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო, 15-მა კი თავი შეიკავა.
შესაბამისი კანონის მიღება ევროკომისიის ოთხი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომლის განხორციელებაც, ევროკომისიის გაფართოების შესახებ ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ მარტამდე უნდა დაასრულოს. კანონპროექტით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრება: ლობირების ტერმინოლოგია; ლობირების სუბიექტების უფლებები და მოვალეობები; გავლენის მეთოდები; ლობირების სუბიექტების ეთიკური ქცევის წესები; გამჭვირვალობის რეესტრის შექმნა, რომლის მფლობელი და ადმინისტრატორია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო; გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციის პროცედურა და მისგან გამონაკლისები; წვდომა გამჭვირვალობის რეესტრთან; ლობირების სუბიექტის ანგარიშგება, რომელიც შეტანილია გამჭვირვალობის რეესტრში; ლობისტური სუბიექტების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები, ლობირების საკითხებზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის გზით.
უკრაინული მედია წერს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია უკრაინაში ლობირების სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ მანამდე განაცხადა, რომ კანონპროექტი აცალკევებს ადვოკატირებას ლობირებისგან, რადგან „ადვოკატირება არ არის ლობირება“.