უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 20 ადამიანი
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 20 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს.
მისი ცნობით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
„სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა, შეიძლება, გაიზარდოს. ეს არ მოხდებოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის საკმარისი საშუალებები რომ მიეღო და რუსეთის ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევის მსოფლიოს სიმტკიცე საკმარისი ყოფილიყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პარტნიორების მხარდაჭერას აქვს დიდი მნიშვნელობა.
„უკრაინის სიმტკიცე საკმარისია. საჭიროა პარტნიორების საკმარისი სიმტკიცე და მხარდაჭერა, რომელიც ამას ასახავს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქში დაზიანდა შენობები, ავტომობილები, სოციალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რვასართულიანი შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი აფეთქება ქალაქში დაახლოებით დილის ცხრა საათზე მოხდა. დაშავებულთა შორის სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.