უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოსთვის წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ათი მილიონი გრივნის დაწესებას მოითხოვს
უკრაინის გენერალური პროკურატურა სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტისთვის წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ათი მილიონი გრივნის დაწესებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს.
ამასთან, პოროშენკოს ადვოკატმა, ილია ნოვიკოვმა განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე კიევის სასამართლო 18 ივნისს იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, პოროშენკო სასამართლოში გამოცხადდება, მამის გარდაცვალების მიუხედავად.
გამოძიების სახელმწიფო ბიურო ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს საგარეო დაზვერვის მოადგილის სერგეი სემოჩკოს დანიშვნის საქმეში ედავება. გამოძიება მიიჩნევს, რომ 2018 წელს პოროშენკომ „აშკარად დანაშაულებრივი განკარგულება“ გასცა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ეგორ ბოჟკოს უფლებამოსილების გადამეტებისკენ უბიძგა და აიძულა, თავის მოადგილედ სემოჩკო დაენიშნა. სემოჩკოსთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო უკანონო გამდიდრების შესახებ საქმეს იძიებს.
2019 წლის აპრილში პეტრო პოროშენკომ სერგეი სემოჩკო თანამდებობიდან გაათავისუფლა.