უკრაინის პროკურატურა - აქციების ორგანიზებისთვის სააკაშვილი ყოველთვიურად მილიონ დოლარს მიიღებდა
უკრაინაში საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველ თვე მილიონ დოლარს მიიღებდა, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვაზე შეთანხმება რუსეთში მყოფ უკრაინელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსთან შედგა.
„ეს ფული განკუთვნილი იყო უკრაინის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის, რომელთა მონაწილეებს დაითანხმებდნენ დაუმორჩილებლობის აქციების მოწყობაზე, რაც შემდეგში მთავრობის გადაყენებითა და სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დანიშვნას ისახავდა მიზნად“, – აღნიშნულია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქის სერგეი კურჩენკოსა და უკრაინის ყოფილი ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის დანაშაულებრივი ორგანიზაციების სხვა წევრებს, სამართალდამცავები 2017 წლის მაისიდან უთვალთვალებდნენ.
შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აქციების მოსაწყობად 500 ათასი დოლარი მიიღეს.
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დღეს წაუყენა. ის დანაშაულებრივი ორგანიზაციების საქმიანობის დამალვაში დაადანაშაულეს. უკრაინის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვენ.