უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სამიტს მიმართა - სანქციები გამოიყენეთ, მადლობელი ვართ, ეს არის ძლიერი ნაბიჯები, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტს მიმართა. ზელენსკის თქმით, უკრაინა გაერთიანდა მშვიდობისთვის, ხოლო მშვიდობისთვის უკრაინა აერთიანებს მთელ მსოფლიოს.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ – თქვენ ერთიანი ხართ, გაერთიანებული ჩვენს ირგვლივ. მთავარია, რომ გაერთიანდით. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. სანქციები გამოიყენეთ. მადლობელი ვართ. ეს არის ძლიერი ნაბიჯები, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო. პრევენციული რომ ყოფილიყო, რუსეთი არ მოვიდოდა ომით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად არავინ იცის, თუმცა შანსი იყო. თქვენ დაბლოკეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი. და ეს მართალია. მაგრამ ასევე გვიანი იყო. რადგან დროული რომ ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. ყოველ შემთხვევაში, შანსი იყო. ახლა თქვენთან ერთად ვამზადებთ უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. როგორც იქნა. აქ კი გთხოვთ – არ დააგვიანოთ, გთხოვთ. ამ თვის განმავლობაში თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, შეგეფასებინათ ეს სამყაროები და ხედავთ ყველაფერს, ვის რა ფასი აქვს. და რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს, ამისთვის ყველაფერი გაქვთ. ჩვენ გვაქვს ეს შანსი” , – განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოთვალა ევროკავშირის ის ქვეყნები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას და ვინც ყოყმანობს ან თავს იკავებს. პრეზიდენტმა ყურადღება უნგრეთზე და გერმანიაზე გაამახვილა.
„უნგრეთი, აქ მსურს შევჩერდე და ვიყო გულწრფელი. ერთხელ და სამუდამოდ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ვისკენ ხართ. თქვენ სუვერენული სახელმწიფო ხართ. მე ვარ ნამყოფი ბუდაპეშტში. ვნახე მემორიალი, ფეხსაცმელები მდინარე დუნაის სანაპიროზე. მასობრივ მკვლელობებზე. მისმინე, ვიქტორ, იცი რა ხდება მარიუოპოლში? ჩადი შენს სანაპიროზე, შეხედე იმ ფეხსაცმელებს და ნახავ, როგორ მეორდება მსოფლიოში მასობრივი მკვლელობები. ამას აკეთებს დღეს რუსეთი. შენ კი ეჭვი გეპარება, დააწესო სანქციები თუ არა. არ ხარ დარწმუნებული გაატარო იარაღი თუ არა. გიჭირს გადაწყვიტო ივაჭრო რუსეთთან თუ არა. დაეჭვების დრო არ არის. დროა, გადაწყვიტო. ჩვენ გვჯერა შენი. გვჯერა შენი ერის. გვჯერა ევროკავშირის და გვჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში გერმანიაც ჩვენს გვერდით იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.