უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელშიც რუსეთი აგრესორ ქვეყნად არის მოხსენიებული. პეტრო პოროშენკომ კანონს „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის განსაკუთრებულობების შესახებ“ კანონს ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სამხედრო კაბინეტის სხდომაზე მოაწერა ხელი.

უმაღლესმა რადამ აღნიშნული კანონი მეორე მოსმენით 18 იანვარს მიიღო. დოკუმენტში რუსეთი აგრესორ და ოკუპანტ ქვეყნად არის აღიარებული. ტექსტში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის ქმედებები შეიარაღებულ აგრესიად არის მოხსენიებული. დოკუმენტი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებს დროებით ოკუპირებულად განსაზღვრავს.

ამასთან, კანონი ითვალისწინებს ტერმინის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შეცვლას, რითაც დონბასში უკრაინის სამხედრო მოქმედებები განისაზღვრება. ოპერაციის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბს ეკისრება.

კანონის ხელმოწერისას პეტრო პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფორმატის შეცვლა დაავალა.

„ანტიტერორისტულმა ოპერაციამ ითამაშა უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევის პირველ ეტაპზე. მეტიც, ანტიტერორისტული ოპერაციის ფორმატში გათავისუფლდა ოკუპირებული დონბასის ორი-მესამედი. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფების პირდაპირი შეჭრა ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებული დასრულების გზაზე დაბრკოლება გახდა.

მოცემულ პირობებში აგრესიისთვის პასუხის გაცემაზე წამყვანი როლი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკისრება. ამიტომ მე უმოკლეს ვადებში ველოდები ამ კანონის აღსასრულებლად ფორმატის ცვლილებების შეთავაზებებს“, – განაცხადა პოროშენკომ.