უკრაინის პრეზიდენტმა ბრაზილიისა და ჩინეთის „სამშვიდობო ინიციატივებს“ პრორუსული უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრაზილიისა და ჩინეთის მთავრობების მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა უფრო მეტად რუსეთის ინტერესებს პასუხობს და კიევისთვის მიუღებელი რჩება. მან ამ ინიციატივას „დესტრუქციული“ უწოდა.
„სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიურ-ჩინური ინიციატივები უფრო მეტად პრორუსულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამის შესახებ გულახდილად ესაუბრა ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას.
ჩინეთმა და ბრაზილიამ უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების წინადადებები 2024 წლის მაისის ბოლოს გამოაქვეყნეს. მათ განაცხადეს, რომ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩატარება ყველა მხარის თანასწორუფლებიანი მონაწილეობით.
ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება ბრაზილიისა და ჩინეთის ინიციატივას.
„ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა სულ უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას პოულობს გლობალურ სამხრეთში“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ზელენსკის თქმით, ეს „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინასთან შეთანხმებული არ ყოფილა და კიევი ვერ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან უკრაინის ტერიტორიების საკითხზე.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შემოიჭრა, დახოცა ხალხი, დაიპყრო ტერიტორია და ახლა ბრაზილიის პრეზიდენტი ამბობს: „მოდით, დაე, ისაუბრონ“. მე უბრალოდ შემეძლო მელაპარაკა ლულასთან, რადგან ლულა ჩემი მტერი არ არის. მე ძლიერი უნდა ვიყო, რომ დავჯდე და რაიმეზე ვისაუბრო. პუტინმა ნაბიჯები უნდა გადადგას, აჩვენოს, რომ ომის დასრულება სურს. არ შეიძლება, უბრალოდ თქვა: „ჩვენ ერთმანეთისკენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – თქვა ზელენსკიმ.