უკრაინის პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვა განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვა განიხილა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ ზელენსკიმ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ვიდეოფორმატში ისაუბრა. მხარეებმა დონბასის რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვის შესახებ იმსჯელეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ სამიტისგან ისინი ელოდებიან კონსტრუქციულობას და გადასადგმელ ნაბიჯებზე შეთანხმებების მიღწევას, რამაც დონბასში მდგრადი მშვიდობის დამყარება შეიძლება უზრუნველყოს.

უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ მერკელმა და მაკრონმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები მომავალშიც გააგრძელებენ ძალისხმევას დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისთვის და უკრაინის პრეზიდენტს დაჰპირდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან 2019 წლის დეკემბერში, „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს წამოწევენ.