უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ კიევი არასათანადოდ აფასებს პოლონეთის დახმარებას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ კიევი არასათანადოდ აფასებს პოლონეთის დახმარებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ კიევი არასათანადოდ აფასებს პოლონეთის მიერ აღმოჩენილ დახმარებას.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სიბიგას მიერ გავრცელებულ კომენტარში.

„კატეგორიულად უარვყოფთ ცალკეული პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობებს, თავს მოახვიონ პოლონურ საზოგადოებას უსაფუძვლო მოსაზრება, თითქოს უკრაინა არ აფასებს პოლონეთისგან მიღებულ დახმარებას. ეს თამაში აშკარად გათვლილია საკუთარ კონიუნქტურულ ინტერესებზე და მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მანიპულაციაა. რეალობა კი არის უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტების მეგობრული დიალოგი, რომელთა შორის არსებობს ურთიერთგაგებისა და ნდობის მაღალი დონე“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.

ანდრეი სიბიგას თქმით, სინამდვილეში უკრაინა ყოველდღიურად უხდის მადლობას პოლონეთს და სხვა მოკავშირეებს იმით, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ფრონტის შენარჩუნებას.

„პოლონური იარაღი ჩვენი უკრაინელი სამხედროების ხელში ეფექტიანად აკავებს რუს აგრესორს. იარაღით ჩვენი მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის, არამედ პოლონეთის ინვესტიციაა საკუთარ უსაფრთხოებაში. სწორედ უკრაინელები იცავენ დღეს ჩვენი რეგიონის ღირებულებებსა და უსაფრთხოებას და ამას პოლონეთისა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ“, – ნათქვამია სიბიგას განცხადებაში, რომელიც ასევე დასძენს, რომ ეს არის მადლიერების უმაღლესი დონე.

შეგახსენებთ, პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა უკრაინული მაცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს.

„ყველამ იცის, რა პირობებში მუშაობს დღეს უკრაინელი ფერმერი, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს დანაღმულ მინდვრებში, სარაკეტო იერიშების ქვეშ. ასეთ განსაკუთრებულ გარემოებებში მოთხოვნა, რომ უკრაინა, პოლონეთისადმი მადლიერების ფარგლებში, შეეგუოს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის საზღვრების დაკეტვას, იგივეა, რაც გვაიძულონ, დავთანხმდეთ ევთანაზიას“, – აღნიშნა სიბიგამ.