უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნატო-ს რამდენიმე ქვეყანა უკრაინის ალიანსში მიწვევის წინააღმდეგია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნატო-ს რამდენიმე ქვეყანა უკრაინის ალიანსში მიწვევის წინააღმდეგია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ნატო-ს რამდენიმე ქვეყანა უკრაინის ალიანსში მიწვევის წინააღმდეგია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესმდივანმა, სერგეი ნიკოფოროვმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შვიდი ქვეყანა უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ჭორები ხელსაყრელია მათთვის, ვისაც სურს შექმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინის გაწევრიანებას არ აქვს ფართო მხარდაჭერა ალიანსის წევრებს შორის. სინამდვილეში, უკრაინის მიწვევის იდეას მხარს უჭერს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, დანარჩენებთან დაკავშირებით ტარდება აქტიური სამუშაო. ნატო-ში მიწვევა არის უკრაინის პრეზიდენტის „გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტი და საიმედო გზა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტის „გამარჯვების გეგმა“ პრობლემებს აწყდება, რადგან ნატო-ს რამდენიმე საკვანძო წევრი ამას ეწინააღმდეგება.