უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ზელენსკის ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის თხოვნით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„The Times-ის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესსმდივანი.
მანამდე გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებმა უარი უთხრეს უკრაინის პრეზიდენტს კონკურსის ფინალის დროს ვიდეომიმართვით გამოსვლის შეთავაზებაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ორგანიზაციის მენეჯმენტმა ვერ დააკმაყოფილა ზელენსკის თხოვნა, მიმართოს მაყურებელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რადგან ეს ღონისძიების წესებს ეწინააღმდეგება.