უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე - ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე
ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით, – აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„სააკაშვილთან დაკავშირებით არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შესაბამის პასუხს, ასე რომ ვთქვათ, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ. პრეზიდენტს არსებული სიტუაცია მუდმივ კონტროლზე ჰყავს. ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – ნათქვამია პოდოლიაკის განცხადებაში.